თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით პროფესორ ნაირა ბეპიევის წიგნების, ოსური ლიტერატურის ისტორია და ოსური ფოლკლორი, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც ისაუბრა ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიაზე, მის მნიშვნელობასა და უნივერსიტეტში ოსური ენის შესწავლის ტრადიციაზე.
,,ქართულ-ოსურ ურთიერთობებს დიდი ისტორია აქვს და მიუხედავად ბევრი გამოწვევისა თუ სირთულეებისა, ამ ურთიერთობას აქვს დიდი წარსული და საფუძველი. ქართველები და ოსები ყოველთვის ძალიან ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის. ჩემთვის საამაყოა, რომ ამ მიმართულებით შექმნილი ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის ავტორობით შეიქმნა," - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
წიგნი ეფუძნება ახალ სამეცნიერო მასალებს, რომლებიც აქამდე არ იყო გაანალიზებული ოსური ლიტერატურის კონტექსტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მისი ისტორიისა და განვითარების ეტაპების კვლევაში. ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს თანამედროვე ოს მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებას. ნაშრომი მოიცავს ოსური ლიტერატურის გზას დასაბამიდან დღემდე და განკუთვნილია მკვლევრებისათვის, სტუდენტებისა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული მკითხველისათვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ცნობილი ფეხბურთელი, უნივერსიტეტელი ვლადიმერ გუცაევი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
წიგნები გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში.